ვაქცინების ტიპები
რა უნდა იცოდე ვექტორულ ვაქცინებზე
ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები განსხვავდება ჩვეულებრივი ვაქცინებისგან იმით, რომ არ შეიცავს ანტიგენებს (COVID-19-ის სპაიკცილას). სპაიკცილა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა, როგორც უცხოს და იწყებს მის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.
ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის (spike protein) შესახებ „ინსტრუქცია” ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული „ინსტრუქციის” შესაბამისად უჯრედი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას.
სწორედ ეს ანტისხეულები იცავს ორგანიზმს მომავალში COVID-19-ით ინფიცირებისა და დაავადებისაგან. ვაქცინაციის შემდგომ, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს. დროებითი გვერდითი მოვლენები პროცესის ბუნებრივი ნაწილია, ეს არის მანიშნებელი, რომ ვაქცინა მუშაობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვირუსული ვექტორის ვაქცინებია: University of Oxford/AstraZeneca; CanSino; Gamaleya Research Institute; Janssen Pharmaceutical Companies
რა უნდა იცოდე მ-რნმ ვაქცინებზე
მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.
ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდის ინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინებია: Moderna/NIAID; Pfizer-BioNTech.
რა უნდა იცოდე ინაქტივირებულ ვაქცინებზე
ინაქტივირებული ვაქცინები ტრადიციული მეთოდით შემუშავებული ვაქცინებია. ისინი შედგება მთელი ვირუსისაგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან. შესაბამისად, იყოფა ორ ძირითად ტიპად – სრულუჯრედიან და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას, რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებია: Sinovac, Sinopharm-Beijing, Sinopharm-Wuhan, Bharat Biotech
ვაქცინის გვერდითი მოვლენები
ვაქცინის გაკეთების შემდეგ შესაძლოა გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც სავსებით ნორმალურია და მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმი დამცველობით უნარს აძლიერებს. გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მოვლენები რამდენიმე დღეში გაივლის. ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები საერთოდ არ უვითარდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:
- მკლავზე, ინექციის ადგილას ტკივილი, სიწითილე ან შეშუპება
- დაღლილობა,
- თავის ტკივილი,
- კუნთების ტკივილი,
- შემცივნება,
- ცხელება,
- გულისრევა.
სასარგებლო რჩევები
თუ ვაქცინაციის შემდეგ ტკივილი ან დისკომფორტი გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ისეთი მედიკამენტების მიღების თაობაზე, როგორიცაა იბუპროფენი ან პარაცეტამოლი.
აცრის ადგილზე ტკივილისა და ცხელებისგან დისკომფორტის შესამცირებლად:
- ინექციის ადგილზე დაიდეთ სუფთა, გრილი, დასველებული ნაჭერი
- ამოძრავეთ ან ავარჯიშეთ მკლავი
- დალიეთ ბევრი სითხე
- ჩაიცვით მსუბუქად
როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს
უმეტეს შემთხვევებში, ცხელების ან ტკივილის შეგრძნება ნორმალურია. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას თუ:
- აცრის ადგილზე სიწითლე ან მგრძნობელობა იმატებს 24 საათის შემდეგ
- გვერდითი მოვლენები გაწუხებთ ან არ ქრება რამდენიმე დღის შემდეგ
გახსოვდეთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ვაქცინამ ან მედიკამენტმა, შესაძლოა, გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუმცა, ეს მოვლენები ზოგადად მსუბუქი და დროებითია და ხშირ შემთხვევაში ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში იჩენს თავს. გაითვალისწინეთ, იმ ადამიანების დიდ უმრავლესობას, ვინც აიცრება, შესაძლოა საერთოდ არ გამოუვლინდეს მსგავსი სიმპტომები. თუმცა, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
ვაქცინის უსაფრთხოება
როგორ დავრწმუნდე COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებაში?
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რეკორდულად მცირე დროში შექმნილი უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობისა და დიდი ინვესტიციების შედეგია და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადიან მკაცრ ტესტირებას კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან ავტორიზებული ვაქცინების დანერგვა ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
რა კლინიკურ კვლევებს გადის ვაქცინა დანერგვამდე?
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მწარმოებლებისა და მკვლევარების მიერ გადიან 3-ეტაპიან კლინიკურ კვლევას, რომლის მიზანია დადგინდეს მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა. კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში მკვლევარები ვაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადარებენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ვაქცინის გვერდითი ეფექტები და ასევე, დაავადების განვითარების მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მიიღო პლაცებო (სამკურნალო საშუალების იმიტირება და არა ნამდვილი მედიკამენტი).
კლინიკურ კვლევებში ათი ათასობით ადამიანია ჩართული. მკვლევარები კვლევაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს ვაქცინაციიდან მინიმუმ 2 თვის განმავლობაში აკვირდებიან, რათა გამოავლინონ ვაქცინაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებმაც, შესაძლოა, შედარებით გვიან იჩინოს თავი.
რა არის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია?
გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის (EUL – Emergency Use Listing) პროცედურის ფარგლებში ხდება ახალი სამედიცინო საშუალებების (მათ შორის ვაქცინების) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებთან შესაბამისობის შეფასება. მისი მიზანია გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მოკლე დროში უზრუნველყოს, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მკაცრი კრიტერიუმების დაცვით, მედიკამენტების, ვაქცინებისა და დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა. შეფასების დროს ხდება საგანგებო სიტუაციების საფრთხის, ვაქცინის სარგებლისა და შესაძლო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების შედარება.
გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის პროცესი მოიცავს II და III ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემების მკაცრ შეფასებას; აგრეთვე, მნიშვნელოვან დამატებით მონაცემებს უსაფრთხოების, ეფექტურობის, ხარისხისა და რისკის მართვის გეგმის შესახებ. ამ მონაცემებს დამოუკიდებელი ექსპერტები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი.
გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში ვაქცინის მწარმოებელი კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელებს მონაცემების შეგროვებას, რათა შესაძლებელი გახდეს ვაქცინის სრული ლიცენზირება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის მინიჭება. ეს პროცესი, თავის მხრივ, ასევე აფასებს ვაქცინის კვლევების შედეგად მოპოვებულ დამატებით კლინიკურ მონაცემებს და დანერგვის პროცესს, რათა უზრუნველყოს ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაბამისობა სტანდარტებთან.
ვაქცინის ეფექტურობა
რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია
ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ. საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით ვაქცინაცია შესაძლებელია COVID-19-ის ინფექციის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ.
პანდემიის შესაჩერებლად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება: ნიღბის ტარება, სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.
რამდენად ეფექტურია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა
ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია და ემყარება სამი ფაზის კვლევებს, რაც ყველა ვაქცინის ანოტაციაშია აღწერილი. ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინას აქვს მაღალი ეფექტურობის დონე, ადამიანს 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ იცავს ვირუსისგან. შესაბამისად, შესაძლებელია ადამიანთა მცირე ნაწილს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ არ გამოუმუშავდეს მოსალოდნელი საჭირო იმუნიტეტი.
ვაქცინის სპეციფიკურ მახასიათებლებთან ერთად, ვაქცინის ეფექტურობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს რამდენიმე ფაქტორმა, როგორიცაა ადამიანის ასაკი, მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ან COVID-19–ით ინფიცირების ისტორია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისგან გამომუშავებული იმუნიტეტი.
ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტის გათვალისწნებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიუხედავად, აუცილებელია გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა პრევენციული ღონისძიების ზედმიწევნით შესრულება, როგორიცაა ფიზიკური დისტანცია, პირბადის გამოყენება და ხელების დაბანა.
როგორ ხდება ვაქცინის ეფექტურობის შეფასება
ვაქცინის ეფექტურობა იზომება დიდი მასშტაბის კლინიკური ცდების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინას გამოცდიან რამდენიმე ათას ადამიანზე. ეს ადამიანები არიან დაყოფილი ორ ჯგუფად: ნახევარი იღებს ვაქცინას, მეორე ნახევარი კი იღებს პლაცებოს (სამკურნალო საშუალების იმიტირება და არა ნამდვილი მედიკამენტი).
ამის შემდეგ ისინი აგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას. ამავდროულად მეცნიერები თვეების განმავლობაში აკვირდებიან დაავადნენ თუ არა ეს ადამიანები COVID-19-ით.
მაგალითად, პფაიზერის ვაქცინის კლინიკურ ცდებში 43,000 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ, 170 ადამიანი დაინფიცირდა COVID-19-ით.
ვაქცინის ეფექტურობა დაანგარიშდა იმის მიხედვით, თუ როგორ გადანაწილდა ეს 170 ადამიანი ზემოთ ნახსენებ ორ ჯგუფს შორის (ვაქცინირებული და პლაცებო მიღებული). 170 COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანიდან 162 ადამიანი იყო პლაცებოს ჯგუფიდან და მხოლოდ 8 ვაქცინირებულთა ჯგუფიდან.
ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის, ვინც ვაქცინა გაიკეთა, 95%-ით ნაკლები იყო COVID-19-ით დაინფიცირების ალბათობა.
იმისათვის, რომ ვაქცინის ეფექტურობა ყოფილიყო ობიექტური, უკვე შექმნილი ვაქცინების კლინიკური ცდები უნდა ჩატარებულიყო ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ქვეყანაში. ნაცვლად ამისა, ვაქცინების გამოცდა ხდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. ზოგიერთი ვაქცინის გამოცდის პერიოდი COVID-19-ის მაღალი გავრცელების პერიოდს დაემთხვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცდებში მონაწილე ადამიანების COVID-19-ით დაინფიცირების მეტი რისკი არსებობდა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი მოვლენები
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძლო გვერდითი მოვლენები დროებითი და COVID-19-ის ინფექციასთან შედარებით გაცილებით მსუბუქია. ვაქცინის დანერგვამდე და მის შემდეგ ხორციელედება მუდმივი კონტროლი იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოსავლენად.
სხვა ვაქცინების მსგავსად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია და მიანიშნებს, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა აღგენიშნოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, შეწითლება) ინექციის ადგილზე
- დაღლილობა,
- შეუძლოდ ყოფნა
- თავის ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- სახსრების ტკივილი
- შემცივნება
- ცხელება
- გულისრევა
- ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია)
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ვაქცინამ ან მედიკამენტმა, შესაძლოა, გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუმცა, ეს მოვლენები ზოგადად მსუბუქია, დროებითი და ხშირ შემთხვევაში ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში იჩენს თავს. გაითვალისწინეთ, იმ ადამიანების დიდ უმრავლესობას, ვინც აიცრება, შესაძლოა საერთოდ არ გამოუვლინდეს მსგავსი სიმპტომები. თუმცა, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსია
როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, მაგ. პენიცილინზე ან მიწის თხილზე (არაქისი), კრაზანას ნაკბენზე და ა.შ., ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია; მსგავსი რეაქცია შესაძლებელია ასევე აღმოაჩნდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ექიმი დეტალურად აფასებს პაციენტის ანამნეზს იმის დასადგენად, აქვს თუ არა პაციენტს მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი COVID-19 ვაქცინაზე. იმუნიზაციის პროვაიდერი კლინიკის სამედიცინო პერსონალი სათანადოდაა მომზადებული, რომ დროულად ამოიცნონ მძიმე ალერგიული რეაქციები და ასეთი რეაქციების სამკურნალოდ გადაუდებელი ზომები მიიღონ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა ადრე რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრის შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება; თუმცა, შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ვის არ შეიძლება ჩაუტარდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
მხოლოდ სამედიცინო პერსონალს შეუძლია მიაწოდოს პირს კვალიფიციური რჩევა ჩაიტაროს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამასთან, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო უარყოფითი შედეგები:
- თუ ანამნეზში აქვს მწვავე ალერგიული რეაქცია COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე
- თუ მოცემულ დროს არის ავად, ან აღენიშნება COVID-19-ის სიმპტომები. თუმცა ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია სიმპტომების ალაგების შემდგომ.