covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

პარტნიორები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) – ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფართომასშტაბიან ინიციატივას ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის შექმნა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. იგი მოიცავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად.

ტექნიკური მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება: მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ქვეყნის მზაობის გაუმჯობესება და შემდგომი მხარდაჭერა, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ, მუნიციპალურ და რაიონულ დონეზე, საინფორმაციო კამპანიის მხარდაჭერა; ვაქცინაციის დანერგვის მოკლევადიანი გადამზადების კურსის განხორციელება, რაც 3 მოდულს მოიცავს: პრაქტიკული იმუნიზაცია; ცივი ჯაჭვი და ლოჯისტიკა; ინტერპერსონალური და კრიზისული კომუნიკაცია.

ტრენინგები ტარდება ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების პერსონალისათვის, საზოგადობრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების ეპიდემიოლოგების, ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელი პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით; მხარდაჭერა მიმართულია აგრეთვე იმუნიზაციის შემდგომ არასასურველ მოვლენებზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარდაჭერით შემუშავდა ვაქცინაციისადმი მიძღვნილი ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაციის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცნობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით არაერთი ვებინარი და ონლაინ შეხვედრა განხორციელდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელშიც ქართველი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები მონაწილეობენ. შეხვედრების მიზანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ცნობიერების და ცოდნის გაზრდა იყო.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი www.booking.moh.gov.ge, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ასევე, მათი მხარდაჭერა მიმართულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის საინფორმაციო კამპანიის მხარდაჭერაზე.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით განხორციელდა უახლესი გაიდლაინების გაზიარება, ტექნიკური და ფინანსური დახმარება COVID-19-ის პანდემიის დროს. ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის გადამზადება, დამხმარე ზედამხედველობის პროცესის უზრუნველყოფა, კვლევები იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე, კომუნიკაციისა და ადვოკატირების კამპანიების მხარდაჭერა, ელექტრონული სისტემების გამართვა და სრულყოფა.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

აშშ-ის საელჩო საქართველოში – COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადასცა ულტრა დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე საყინულეები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა/დასაწყობებისთვის.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) – ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცათ ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობა, განხორციელდა სწრაფი რეაგირების ჯგუფების გადამზადება, ინფექციის კონტროლისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერება; COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის საინფორმაციო კამპანიის მხარდაჭერა და კონცეფციის შემუშავება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (ECDC) – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საერთაშორისო პლატფორმაზე (TESSY) ხდება ანგარიშგება, როგორც ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, ასევე, ვაქცინირებულ პირთა რაოდენობის შესახებ.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) – COVAX-ის პლატფორმის სახელით, გაეროს ბავშვთა ფონდი ყიდულობს COVID-19-ის ვაქცინებს და მათ მთელს მსოფლიოს აწვდის, რომ არცერთი ქვეყანა არ დარჩეს ვაქცინის გარეშე. დოზები COVAX-ის მონაწილე ქვეყნებს გადაეცემათ განაწილების ფორმულის საფუძველზე, მათი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის პროპორციულად. გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო ასტრაზენეკა-ოქსფორდისა და პფაიზერ-ბიონტექის ვაქცინები. UNICEF ასევე ახორციელებს საკომუნიკაციო აქტივობებს, ექიმების ტრენინგებს, შეხვედრებს სხვადასხვა კონფესიის ლიდერებთან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი – ახორციელებენ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, რომლის მიზანი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოება და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მხარდაჭერაა. აზიის განვითარების ბანკის თანადგომით მომზადდა COVID-19 ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა. სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინებთან წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხდება პანდემიასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესისთვის ქვეყნის მზაობის გაუმჯობესება და ვაქცინებით მომარაგება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

გლობალური ფონდის დახმარებით შესაძლებელი გახდა პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერა – 112-ზე დაფუძნებული „ონლაინ კლინიკის” ამოქმედების ხელშეწყობა და პჯდ ტრენინგების უზრუნველყოფა. ასევე, СOVID–19 სადიაგნოსტიკო ტესტების, პერსონალური დაცვის, სადეზინფექციო საშუალებების შეძენის, ლაბორატორიული ტესტირების შესაძლებლობების გაუმჯობესება და COVID-19 დიაგნოსტიკისთვის ტესტ-სისტემის შესყიდვა.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის შედეგად, ქვეყანამ შეიძინა კომპანია ‘სინოფარმის’ მიერ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა, განხორციელდა დისტანციური შეხვედრები და ინფორმაციის გაზიარება. გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისგან საქართველომ დონაციის სახით 100 000 დოზა „სინოვაკის” ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი მიიღო.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

კორეის რესპუბლიკის საელჩო – საელჩოს ორგანიზებით, ქართველმა სპეციალისტებმა გაიარეს ონ-ლაინ ვებინარების ციკლი, სადაც კორეის მოწინავე ექსპერტებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება COVID-19-ის პანდემიასთან დაკაშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. კორეის რესპუბლიკის საელჩომ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია კორეაში ვაქცინების წარმოების პროცესის , კომპანიებისა და პროცედურების შესახებ.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ჯანდაცვის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) – დამოუკიდებელი, გლობალური ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი სიეტლში, აშშ, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბაზაზე. პანდემიის პერიოდში, ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში IHME აწარმოებს მოდელირებას საქართველოსთვის. ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სხვადასხვა, შესაძლო სცენარებისთვის IHME ცენტრისგან ყოველკვირეულად იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას (მაგ: ტესტირებების, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოსახლეობისა და პრიორიტეტული ჯგუფების უზრუნველყოფის, სეროპრევალენტობის კვლევებისა და სხვა საკითხების შესახებ). ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებული მაჩვენებლები აისახება მოდელირების სცენარებში. აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ მუშავდება რეკომენდაციები, რომელთა საბოლოო დამუშავება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოზე ხდება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლების ასოციაცია (ASPHER) – თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს რეგულარული დისტანციური შეხვედრები და სემინარები. ევროპელი კოლეგები გვიზიარებენ მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობით შემუშავებულ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, მათ შორის პანდემიის პირობებში ე.წ. „მწვანე საშვის” ევროკავშირის კონცეფციასა და გამოცდილებას.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შემუშავდა საკომუნიკაციო მასალები – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიისთვის.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეების მიერ მიმდინარეობს მოსახლეობის მობილიზაციის კამპანია, საიფორმაციო მასალების ბეჭდვა და გავრცელება. ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ეთნიკური უმცირესობებისა და ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება ელექტრონულ რეგისტრაციაში.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

World Vision – მხარს უჭერს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას; ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან (კახეთი, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი).

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.