covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა ჩავიტაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით, ვაქცინაცია შესაძლებელია COVID-19-ის ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID – 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე).

პანდემიის შესაჩერებლად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პრევენციული ზომების გაგრძელება: ნიღბის ტარება, სულ მცირე, 1 მეტრიანი დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.

როგორ დავრწმუნდე COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებაში?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რეკორდულად მცირე დროში შექმნილი უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობისა და დიდი ინვესტიციების შედეგია და ის სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

მხოლოდ კლინიკური კვლევების საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ ხდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება. ქვეყანაში ინერგება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.

ზოგიერთ ადამიანს სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქონდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ. ეს უნდა იყოს ნერვიულობის საბაბი?

როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, მაგ. პენიცილინზე ან მიწის თხილზე (არაქისი), კრაზანას ნაკბენზე და სხვა, ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეთ ალერგიული რეაქცია; მსგავსი რეაქცია შესაძლებელია ასევე, აღმოაჩნდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა ადრე რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.

მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.

სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

რა შემთხვევაში არ ტარდება ვაქცინაცია

პფაიზერ-ბიონტექის მ-რნმ ვაქცინა (PFIZER-BIONTECH)

  • 12 წელზე უმცროსი ასაკი.
  • ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე, განსაკუთრებით პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე.
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება
  • ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.
  • COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში.
  • COVID-19 გადატანილ ადამიანებში მონოკლონური ანტისხეულებით ან რეკონვალესცენტის პლაზმით ჩატარებული მკურნალობა – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით.
  • ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

ასტრაზენეკას ვექტორული ვაქცინა (ASTRAZENECA)

  • 45 წელზე უმცროსი ასაკი.
  • ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის რომელიმე აქტიურ ნივთიერებას ან დანამატზე.
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება.
  • ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2).
  • გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო COVID-19-ის ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, ასტრაზენეკას ვაქცინით მეორე დოზა არ კეთდება.
  • კაპილარული გაჟონვის სინდრომი – CLS.
  • ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.
  • COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში.
  • ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

სინოფარმის ინაქტივირებული ვაქცინა (SINOPHARM)

  • 18 წელზე უმცროსი ასაკი.
  • ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე.
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება. ასევე, აცრა არ კეთდება, თუ პირველი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან.
  • ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა).
  • არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება ანამნეზში(გიენ-ბარეს სინდრომი).
  • ერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია, ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს ნებისმიერ დროს.
  • ორსულობა.
  • ძუძუთი კვება.
  • ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.
  • COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში.
  • იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID – 19-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით.
  • ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

სინოვაკის ინაქტივირებული ვაქცინა (SINOVAC)

  • 18 წელზე უმცროსი ასაკი.
  • ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება.
  • ორსულობა.
  • ძუძუთი კვება.
  • ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავება.
  • COVID-19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში.
  • იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით.
  • ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

როგორია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა?

ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია და ემყარება III ფაზის კვლევებს, რაც აღწერილია ნებისმიერი ვაქცინის ანოტაციაში. ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე. ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით.

რამდენ ხანს გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედება?

როგორც COVID-19, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. მეორეს მხრივ, რაც ზუსტადაა ცნობილია, რომ COVID-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში. ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხო არჩევანია!

ვაქცინაციის შემდეგ, აღმენიშნება 38°C-ზე მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და როგორ უნდა მოვიქცე?

ვაქცინაციას შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია და მიანიშნებს, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, შესაძლოა, აღგენიშნებოდეთ შემდეგი მოვლენები: რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, შეწითლება) ინექციის ადგილზე, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია)

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ვაქცინამ ან მედიკამენტმა, შესაძლოა, გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუმცა, ეს მოვლენები ზოგადად მსუბუქი და დროებითია და ხშირ შემთხვევაში ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში იჩენს თავს. თუმცა, თუ სიმპტომები გაგიგრძელდათ და თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 1522-ზე

COVID-19-ის ინფექცია უკვე გადავიტანე. მაინც უნდა ავიცრა?

COVID-19-ის ინფექციის გადატანის მიუხედავად, ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია, ვინაიდან ამ ეტაპზე მეცნიერებისათვის უცნობია დაავადების გადატანიდან რა პერიოდით ნარჩუნდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინები შეიძლება უსაფრთხოდ გაუკეთდეთ ადამიანებს, რომელთაც უკვე გადაიტანეს COVID-19-ის ინფექცია. ვაქცინაციის შეთავაზება ხდება მიუხედევად იმისა, დაავადება სიმპტომური იყო თუ უსიმპტომო. ვაქცინაციამდე არ არის აუცილებელი ვირუსზე ტესტირება ან სხვა რაიმე გამოკვლევის ჩატარება.

საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტებს ვაქცინაცია შეუძლიათ დაავადების დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ. გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და ადამიანები, რომელთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ამ შემთხვეევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.

დასაშვებია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებსა და ბავშვებში?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით დასაშვებია ორსულების და მეძუძური ქალების აცრა რისკისა და სარგებლის გათვალისწინებით.

საქართველოში ორსულებსა და მეძუძურ ქალებს შეუძლიათ აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო პფაიზერ ბიონტექის (Pfizer-BioNTech) ვაქცინით. ვაქცინაცია რეკომენდირებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.

საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის; მაგალითად, ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება?

ვაქცინაციისათვის წინასწარი მედიკამენტოზური მომზადება ან სპეციალური დიაგნოსტიკური კვლევები არ არის საჭირო. მხოლოდ, გარკვეულ, ინდივიდუალურ (მათ შორის მძიმე ქრონიკული პაციენტების) შემთხვევებში კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

ვაქცინაციის წინ ანტიჰისტამინური პრეპარატების თვითნებური მიღება ექიმი ალერგოლოგის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია, ვინაიდან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსია) პრევენციის ნაცვლად შესაძლოა დაგვიანდეს სამედიცინო დახმარების გაწევა ანაფილაქსიის წინა ადრეული ნიშნების არასრულყოფილი გამოვლენის შედეგად.

ვაქცინაციის წინ კორონავისურის საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა არაინფორმატიულია და ტესტის პასუხის მიუხედავად აუცილებელია სრულყოფილი ვაქცინაცია.

დამატებითი ხშირად დასმული კითხვები

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.