covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 932 643

სრულად აცრილი 💉💉

914 311

ვის შეუძლია ვაქცინაცია როდის შემიძლია ვაქცინაცია როგორ დავრეგისტრირდე ვაქცინაციისთვის სად შემიძლია ვაქცინაცია როგორ მოვემზადო ვაქცინაციისთვის რომელი ვაქცინებია ხელმისაწვდომი

ვის შეუძლია ვაქცინაცია

თავდაპირველად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირების აცრას.

ამჟამად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეუძლია: 

• საქართველოს მოქალაქეს და მუდმივი ბინადრობის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;

• საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე;

• სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს;

• საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს;

• საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს;

• საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს;

• პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი,მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა N164 განკარგულება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

COVID-19-ის ვაქცინაცია პფაიზერის ვაქცინით შეუძლია:

  • საქართველოს მოქალაქეს და მუდმივი ბინადრობის მქონე 16-დან 18-წლამდე ასაკის ადამიანებს;
  • ორსულებს ნებისმიერ ვადაზე;
  • 12-დან 15-წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს. 

ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფასოა. ვაქცინაციის საფასურს იხდის სახელმწიფო.

როდის შემიძლია ვაქცინაცია COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის შემდეგ. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც COVID-19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და ისინიც, რომელთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ასეთ შემთხვევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან ცხელ ხაზზე 1522

როგორ დავრეგისტრირდე ვაქცინაციისთვის

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან ცხელ ხაზზე 1522. ვებ გვერდზე ასევე შესაძლებელია ჯავშნის რედაქტირება, გადავადება ან გაუქმება. ინსტრუქცია ონლაინ რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ვიდეოში.  

სად შემიძლია ვაქცინაცია

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხდება 300-ზე მეტ ვაქცინაციის პუნქტში. რუკაზე ასახულია თუ სად შეგიძლიათ აიცრათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაციის პუნქტების სრული ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.

ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ 30ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტში.

ვაქცინაცია მობილური ვაქცინაციის პუნქტებში შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე. 

ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური მედ პერსონალი და სამედიცინო აღჭურვილობა. იხილეთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაგხვდებათ ვაქცინაციის პუნქტებში.

** საქართველოში მყოფ ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 3 თვეზე მეტია იმყოფებიან, ვაქცინაცია შეუძლიათ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის 3 დაწესებულებაში:

  • თბილისი – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა
  • ბათუმი – რესპუბლიკური საავადმყოფო
  • ქუთაისი – ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი

როგორ მოვემზადო ვაქცინაციისთვის

ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. 

ვაქცინაციის წინ ანტიჰისტამინური პრეპარატების თვითნებური მიღება ექიმი ალერგოლოგის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია, ვინაიდან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსია) პრევენციის ნაცვლად შესაძლოა დაგვიანდეს სამედიცინო დახმარების გაწევა ანაფილაქსიის წინა ადრეული ნიშნების არასრულყოფილი გამოვლენის შედეგად. 

ვაქცინაციის წინ კოვიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა არაინფორმატიულია და ტესტის პასუხის მიუხედავად აუცილებელია სრულყოფილი ვაქცინაცია. 

რომელი ვაქცინებია ხელმისაწვდომი

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. დღეისათვის ხელმისაწვდომია 4 სხვადასხვა დასახელების ვაქცინა:

  1. Pfizer-BioNTech (პფაიზერი)
  2. Oxford/AstraZeneca (ოქსფორდ ასტრაზენეკა)
  3. Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი)
  4. Sinovac. CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი)

Pfizer/BioNTech

ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2021 წლის აგვისტოს სრული ავტორიზაცია მიანიჭა პფაიზერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო სრულად ავტორიზებული ვაქცინა. პფაიზერი ორ დოზიანი ვაქცინაა და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. საქართველოში პფაიზერით ვაქცინაცია შეუძლიათ:

  • 12-დან 15-წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს;
  • 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;
  • ორსულებს, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პფაიზერის ანოტაცია

Oxford/AstraZeneca

ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. ოქსფორდ-ასტრაზენეკა არის ბრიტანულ-შვედური კომპანიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვექტორული ტიპის ვაქცინა. იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. 

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და უფროსი ადამიანებისთვის. ეს ვაქცინა არის ორ დოზიანი და დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალია 8-12 კვირა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ასტრაზენეკას ანოტაცია

Sinopharm
სინოფარმის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. სინოფარმის ვაქცინა შეიქმნა ჩინეთში და ის არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინა. სინოფარმის ვაქცინის 2 დოზას შორის რეკომენდებული ინტერვალია 2-დან 4 კვირამდე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სინოფარმის ანოტაცია

Sinovac
სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეაფასა სინოვაკის ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში. 2 დოზას შორის რეკომენდებული ინტერვალია 2-დან 4 კვირამდე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სინოვაკის ანოტაცია

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ვისთვისაა ბუსტერ დოზა

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია შეუძლიათ:

  • 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება. 
  • სრულად აცრილ პირებს განსხვავებული ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება არსებობს მოგზაურობისთვის. თუ კი მოგზაურობის მსურველი პირი უნდა იყოს აცრილი დანიშნულების ქვეყნის მიერ დაშვებული ვაქცინით (აშშ ან ევროკავშირი), ამ შემთხვევაში მას შეუძლია წარადგინოს მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი და დაგეგმოს ვაქცინაცია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, განსხვავებული ვაქცინით აცრა მეორე ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები. 
დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.