covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

იმუნიზაციის პროგრამა ვაქცინაციისთვის მზაობა სამედიცინო დაწესებულების სია


იმუნიზაციის პროგრამა

საქართველოში იმუნიზაციის ეროვნული გეგმა უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას. ვაქცინაცია რეგულირდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. პროგრამას, ტრადიციულად, კარგად გამართული ცივი ჯაჭვის ქსელი, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემა აქვს.

იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის შესაძლებლობები და რესურსები ასახულია საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დანერგვის ეროვნულ გეგმაში.

ჩამოტვირთეთ აქ

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა

ამ პერიოდამდე, საქართველოს მასშტაბით იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციას ახორციელებენ 333 ამცრელი ბრიგადით. დღიური გამტარიანობის მაქსიმუმი შეადგენს 11 000-მდე აცრას. არსებული ადმინისტრირებული რაოდენობის მიხედვით, დღეში კეთდება საშუალოდ 700 დოზა აცრა ყოველ 100 000 მოსახლეზე. მეტი ინფორმაციისთვის იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ 15 მარტი -15 ივლისის ანგარიში. 

ჩამოტვირთეთ აქ

ვაქცინაციისთვის მზაობა

ცივი ჯაჭვი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინისათვის საჭიროა ცივი ჯაჭვის პროცედურების დაცვა. ცივი ჯაჭვი გულისხმობს, ვაქცინის საჭირო ტემპერატურაზე მოთავსებას უწყვეტად, მისი წარმოებიდან ადმინისტრირებამდე (მწარმოებლის მიერ დადგენილ ტემპერატურულ რეჟიმში). სხვადასხვა ვაქცინას განსხვავებული ცივი ჯაჭვის მოთხოვნები აქვს. ყველაზე ხშირად ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურული დიაპაზონია +2°C +8°C ტემპერატურა, თუმცა არსებობს ვაქცინები, რომელთა შესანახი ტემპერატურა არის -20°C ან -60 -80°C.

ვაქცინის დასაწყობება ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ საწყობებში

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დასაწყობება/შენახვისთვის ქვეყანაში მოწყობილია ცენტრალური, რეგიონალური და მუნიციპალური საწყობები. სხვადასხვა ტიპის საწყობი, ვაქცინის ტიპებიდან და შენახვის საჭირო ტემპერატურიდან გამომდინარე მოწყობილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის თბილისის ცენტრალურ საწყობში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთისა და აჭარის სამმართველოებში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით 60 მუნიციპალიტეტში.

თბილისის ცენტრალური საწყობი ასევე, რეგიონული საწყობის ფუნქციებსაც ითავსებს და აღმოსავლეთ საქართველოს ემსახურება. ქუთაისის რეგიონული საწყობი დასავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმის რეგიონული საწყობი აჭარის მოსახლეობას ემსახურება.

საწყობების აღჭურვა და მაცივრები

ცენტრალური, რეგიონალური და მუნიციპალური საწყობები აღჭურვილია საჭირო რაოდენობით სავაქცინე მაცივრებით, საყინულეებით, სატრანსპორტო კონტეინერებით, ცივი ყუთებით, ტემპერატურის მონიტორინგის სისტემებითა და ვაქცინმზიდებით (მაცივარი-მანქანა). აღსანიშნავია, რომ ყველა დონის საწყობში, სავაქცინე მაცივრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული.

ვაქცინის ტრანსპორტირება საწყობიდან აცრის კაბინეტამდე

ვაქცინის ძირითადი ნაწილი ყოველთვის დასაწყობებულია ცენტრალურ, რეგიონულ თუ მუნიციპალურ საწყობებში, საიდანაც ვაქცინის განაწილება ვაქცინაციის პუნქტებამდე პერიოდულად ხორციელდება (ძირითადად 3-5 დღის შუალედებით). ვაქცინის განაწილების სქემა და პერიოდულობა საწყობიდან ვაქცინაციის პუნქტებამდე დამოკიდებულია ვაქცინის ტიპზე (შენახვის ტემპერატურაზე), მაგალითად: Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა სპეციალურ საყინულეებში -80°C ტემპერატურაზე ინახება, რომლებიც განთავსებულია ცენტრალურ და რეგიონულ საწყობებში.

ამ ეტაპზე ამ ვაქცინის შენახვა და შემდგომი განაწილება სწორედ ამ 3 საწყობიდან ხდება და დაწესებულებებისთვის (ამცრელი პუნქტებისთვის) მიწოდებას თავად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკისა და რაოდენობების შესაბამისად.

სხვა ვაქცინების შემთხვევაში, რომელთაც +2+8°C ტემპერატურული რეჟიმი სჭირდებათ (Oxford/AstraZeneca, Sinopharm, Sinovac), ვაქცინების დასაწყობება ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ საწყობებში ხდება. ვაქცინის ტრანსპორტირება ვაქცინაციის პუნქტებამდე სწორედ მუნიციპალური საწყობიდან ხდება და ტრანსპორტირებას თავად სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ, სადაც განთავსებულია ვაქცინაციის პუნქტები.

ვაქცინის განაწილება ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი ცივი ყუთებისა და ყინულის ელემენტების (ან მშრალი ყინულის) გამოყენებით ხდება. ვაქცინის მომზადებას ტრანსპორტირებისთვის (სატრანსპორტო კონტეინერში ან ცივ ყუთში მოთავსებას) ყოველთვის საწყობის თანამშრომელები უზრუნველყოფენ, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები ვაქცინის შენახვა, დასაწყობება და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ტრანსპორტირების დროს ტემპერატურის კონტროლის მიზნით, ყველა ცივი ყუთი აღჭურვილია თერმომეტრით ან ტემპერატურის აღმრიცველი მოწყობილობით.

აცრის კაბინეტები

თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას, გამოყოფილი ყავს პასუხისმგებელი პირი/პირები, ვისაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და ევალებათ ვაქცინის მიღება, დასაწყობება და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი. ტემპერატურის მეთვალყურეობა მაცივრებში ხდება ყოველდღიურად, შესაბამისი პროტოკოლებისა და რეკომენდაციების მიხედვით. ყველა აცრის კაბინეტი ასევე, აღჭურვილია ცივი ყუთებითა და შესაბამისი რაოდენობის ყინულის ელემენტებით.

ელექტრონული სისტემა

ვაქცინის მარაგების მართვა ელექტრონულ მოდულში ხორციელდება, სადაც მარაგებისა და ტრანსპორტირების შესახებ ყველა სტანდარტული ანგარიშის შემუშავება ხდება ცენტრალური, რეგიონული, მუნიციპალური დაწესებულების დონეზე.

მარაგების მართვის მოდული ინტეგრირებულია იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულთან და ნაშთების აღრიცხვა ავტომატურად ხდება.

სამედიცინო პერსონალის მზაობა

სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობა და განათლება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისათვის.

იმუნიზაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგები და მიეწოდათ სახელმძღვანელო დოკუმენტები აცრის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე ზედამხედველობისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად წარმოშობილი შესაძლო ალერგიული რეაქციების მართვის საკითხებზე.

17 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადდა საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების 166 ბრიგადა შემდეგ მოდულებში:

  1. პრაქტიკული იმუნიზაცია / მართვის წესები
  2. ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო ალერგიული რეაქციების მართვა
  3. ცივი ჯაჭვი, ლოჯისტიკა და ელ.მარაგების ადმინისტრირება
  4. რეგისტრატორებისთვის ელ.პორტალი და ჯავშნების მართვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ტრეინინგ მოდულების გამოყენებით, საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინტერპერსონალური და კრიზისის კომუნიკაციის 100 ტრენინგი ჩატარდა, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, სამედიცინო სფეროს სპიკერებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისათვის (სულ 2000 პერსონალის მონაწილეობით), რომელიც 2021 წლის ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ვაქცინის უსაფრთხოება. აცრის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების მართვა

აცრის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე ზედამხედველობა იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის განუყოფელი ნაწილია და მისი ეფექტური ფუნქციონირება ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას.

აცრის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე ზედამხედველობა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორ ათწლეულზე მეტია ხდება. სისტემის ბოლო განახლება 2019 წელს განხორციელდა. მოქმედი ზედამხედველობის სისტემა სრულად ითვალისწინების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

სამედიცინო დაწესებულების სია

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 100-მდე სამედიცინო დაწესებულება. სამედიცინო დაწესებულებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ფაილი.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.