covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში და მსოფლიოში. ქართველი ექიმი შვეიცარიიდან

ქართველი ექიმი შვეიცარიიდან

ჟენევის უნივერსიტეტის ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ილიას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი შვიდი წელია, რაც ჟენევაში ცხოვრობს. იგი ვაქცინაციის აუცილობლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეშინენულია პანდემიის გამო, ვაქცინისადმი გარკვეული უნდობლობა ყველა ქვეყანაში არსებობს. თუმცა საქართველოში გაცილებით მეტია სკეპტიციზმი, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

განწყობა ვაქცინების მიმართ ჟენევაში და საქართველოში

ჟენევაში უკვე შვიდი წელია ვარ, იქ ვმუშაობ, ვცხოვრობ. ერთი წლის წინ პანდემია რომ დაიწყო, რა თქმა უნდა, იქ ვიყავი. მთელს მსოფლიოში, ყველა ისევე იყო შეშინებული, როგორც საქართველოში. ვაქცინებთან დამოკიდებულებაში, განწყობა მეტ-ნაკლებად ყველგან არის ერთნაირი, მეტწილად უნდობლობაა. განსაკუთრებით, ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინებისადმი. ასევე, ხშირად ისმის კითხვები ვაქცინების ასე მოკლე დროში შექმნის შესახებ, რაც ბუნებრივია, და ამიტომაც ხალხისთვის მეტი ინფორმაციის გაზიარება გვმართებს.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ვაქცინაციის პროცესი შვეიცარიაში

ჟენევაში იმუნიზაციის პროცესი დაწყებულია. მოსახლეობის 10 პროცენტი აცრილია უკვე. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ორი ვაქცინა, რადგან მთელ მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია ასაცრელი გაცილებით მეტია, ვიდრე ვაქცინა. ჟენევაში გვაქვს ფაიზერი და მოდერნა. ეს ორივე,რნმ- ტექნოლოგიაზე დამზადებული ვაქცინები გახლავთ. ველოდებით ჯონსონ და ჯონსონის ვექტორულ ვაქცინას.

ვაქცინაცია შვეიცარიაში არის ნებაყოფლობითი. პროცესი დაიწყო პრიორიტეტული ჯგუფებით – ჯერ აიცრნენ ხანდაზმული ადამიანები, შემდეგ ეტაპზე გადავედით მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მესამე ეტაპი აერთიანეს ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს. დღეის მდგომარეობით, ვაქცინაცია უკვე წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში მიმდინარეობს.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რა ტიპის ვაქცინებია ხელმისაწვდომი მსოფლიოში?

მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ეს არის ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები და კლასიკური, ძველი ტექნოლოგიებით შექმნილი, უკვე გამოცდილი ვაქცინები.

ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინებიდან აღსანიშნავია მ-რნმ ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები, ისეთი როგორიც არისფაიზერი და მოდერნა და ვექტორული ვაქცინები ისეთი, როგორიც არის ასტრაზენეკა და ჯონსონ და ჯონსონი ვაქცინა.

რაც შეეხება კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს, ეს გახლავთ სინოვაკი და სინოფარმი, რომლებიც; ინაქტივირებული ვირუსისგან; არის დამზადებული. არსებობს ვირუსის ფრაგმენტისგან დამზადებული ე.წ. ცილოვანი ვაქცინები, როგორიცაა ნოვოვაქსის ვაქცინა.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ვაქცინა არ ახალია. ვაქცინით უკვე დავამარცხეთ ვერაგი ვირუსები

ვაქცინაცია უკვე 200 წელია ერთგულად ემსახურება კაცობრიობას და მისი საშუალებით დავამარცხეთ ისეთი ვერაგი დაავადებები, როგორიც არის ყვავილი, პოლეომელიტი, ცოფი და სხვა.

ვირუსებთან ბრძოლაში ვაქცინების გამოყენება არ არის ახალი მეთოდი. მედიცინა უკვე გამოცდილია და ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID-19-სგან თავის დაღწევას შევძლებთ მაშინ, როდესაც მთლიანი მოსახლეობის 70% იქნება იმუნური, რისი მიღწევაც ვაქცინაციისა და აქტიური იმუნიზაციის გარეშე;შეუძლებელია. ვაქცინაცია იყო და რჩება ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ ჩნდებიან ახალი შტამები და რამდენად საშიშები არიან?

ვაქცინაციის პროცესი უნდა ჩატარდეს სწრაფად და მოკლე დროში. რატომ? ვირუსის გავრცელების ხელშეწყობით ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მას შეიძინოს ახალი თვისებები. როგორც იცით, უკვე დაფიქსირდა ახალი შტამები.

მაგალითად ბრიტანული შტამი ევროპაში, რომელიც გახდა სრულიად დომინანტური და ჩაანაცვლა წინამორბედი ვირუსი. ახლა ის უფრო მეტად გადამდებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გახდა გაცილებით მოქნილი, ვიდრე იყო. ამიტომ უფრო სწრაფად ვრცელდება.

ახალი შტამები ნიშნავს იმას, რომ ვირუსი იძენს ახალ თვისებებს – ის შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი გახდეს და დაუძვრეს იმუნურ სისტემას. როცა ვირუსი იმუნური სისტემისთვის უხილავი ხდება, მაშინ ის ელვისებურად ვრცელდება, რასაც მოყვება სიკვდილიანობის გაზრდა და საბოლოოდ, მართლაც დავდგებით კატასტროფის წინაშე.

ვაქცინაცია არა მხოლოდ ამარცხებს ვირუსს, ის არის ერთადერთი გზა შევაჩეროთ მისი გავრცელება და COVID-19-ის ახალ-ახალი შტამების შექმნის ალბათობა დავიყვანოთ მინიმუმამდე.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ბუნებრივი და ხელოვნური იმუნიზაცია. რომელია უფრო ეფექტური ვირუსთან ბრძოლაში?

იმუნიზაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივი არის იმუნიზაცია, როდესაც ეს ხდება ვირუსით ინფიცირების შედეგად, და არის ხელოვნური იმუნიზაცია, რომლის შესაქმნელადაც ვიყენებთ ვაქცინებს.

ბუნებრივად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი გაცილებით სუსტია ხელოვნურად სტიმულირებულ იმუნიტეტთან შედარებით. იმისათვის, რომ ყველანი ვიყოთ დაცულები უნდა ჩამოყალიბდეს ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70% უნდა გახდეს იმუნური. ბუნებრივად ამის მიღწევა წარმოუდგენელია.

ეს იქნება დაკავშირებული უამრავ სიკვდილთან, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება, შეეწირება ქვეყნის ეკონომიკა… ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად დამძიმდება ადამიანების ყოფა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გვქონდეს მხოლოდ ბუნებრივი იმუნიტეტის იმედი.

ამიტომ არის აუცილებელი ვაქცინაცია! ვაქცინების წარმოების გაზრდა მსოფლიოში, ახლა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს რაც შეიძლება სწრაფად, უნდა გაიზარდოს ვაქცინების რაოდენობა. ამ პროცესში არა მხოლოდ მედიცინის მუშაკებს აქვთ პასუხისმგებლობა, არამედ თითოეულ ჩვენგანს. უნდა ვიყოთ მეტად ჩართულები, მუდმივად ავიმაღლოთ ცნობიერება ვაქცინებზე და გავუზიაროთ ცოდნა მათ, ვისაც ნაკლებად აქვს წვდომა სანდო წყაროებზე.

ვაქცინაცია არის თავისუფალი ნება! ამავდროულად ეს არის ადამიანისა და მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ოჯახის წევრები და გარშემო მყოფები ამ სერიოზული ინფექციისაგან.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.