covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 932 643

სრულად აცრილი 💉💉

914 311

COVID-19-ის ახალი შტამები და მათი მნიშვნელობა ქვეყნებისა და ადამიანებისათვის

ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში ინფექციების გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი რიჩარდ პიბოდი.

რატომ იცვლებიან ვირუსები?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19-ის გამომწვევი ვირუსიც, დროთა განმავლობაში იცვლება  და ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ვირუსის  ახალი შტამები (ვარიანტები) ახალი გამოწვევებია.

როდესაც ვირუსი მრავლდება ან გავრცელებისას ქმნის საკუთარი თავის ასლებს, ვირუსის გენომი (ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ზოგჯერ  მცირედ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციებს ვუწოდებთ და ჩვეულებრივ ისინი უმნიშვნელოა. ვირუსს ერთი ან მეტი ახალი მუტაციით ვუწოდებთ ვირუსის საწყისი ვერსიის ვარიანტს ანუ ახალ შტამს.

რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტია მისი ცვლილების ალბათობა. ამ ცვლილებების შედეგად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ახალი შტამები წარმოიშვას, რომელიც უკეთ არის  ადაპტირებული გარემოსთან, ვიდრე საწყისი ვირუსი. ასეთი ცვლილების და წარმატებული შტამების სელექციის პროცესს  ვირუსის ევოლუციას ვუწოდებთ.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რატომ არის COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ზოგიერთი შტამი უფრო მეტად საყურადღებო?

2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან SARS-CoV-2 (COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი) ცვლილებებს. ცვლილებების უმრავლესობას არ აქვს, ან ძალიან მცირე გავლენა აქვს ვირუსის თვისებებზე; ამავე დროს, ცნობილია, რომ ზოგიერთი გადაცემის ინტესივობაზე ახდენს გავლენას (ვირუსი შეიძლება უფრო მარტივად ვრცელდებოდეს) ან სიმძიმეზე (იგი შეიძლება უფრო მძიმე დაავადებას იწვევდეს). 

შექმნილია სისტემები განსაკუთრებულად საყურადღებო პოტენციური ახალი შტამების აღმოსაჩენად და მათ შესაფასებლად იმ რისკის მიხედვით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.  ჯანმრთელობის მსოფლიოო  ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ამ ახალ შტამებს მთელ მსოფლიოში.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ამ დროისთვის რომელი COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის შტამებია საყურადღებო და სად ხდება მათი გავრცელება?

ამჟამად ვირუსის ოთხი (4) ძირითადი შტამია, რომელთა აღმოჩენა და მათზე შემდგომი დაკვირვება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარეობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ცირკულირებადი ყველაზე გავრცელებული შტამია SARS-CoV-2 B.1.1.7. ვირუსის ეს შტამი პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოჩნდა, ახლა კი ფართოდაა გავრცელებული რეგიონის მრავალ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. გარდა ამისა, ვირუსის საყურადღებო ახალი შტამები გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში.

2021 წლის 11 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყურადსაღები ახალი შტამების კატეგორიათა რიცხვს ასევე,  B.1.617 (შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში იქნა იდენტიფიცირებული) ვირუსების ხაზი დაემატა. 2020 წლის ოქტომბერში პირველი ახალი შტამის იდენტიფიცირების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას მის შესახებ. თუმცა, ყველაზე დიდი რაოდენობით ინდოეთში დაფიქსირდა. გავრცელების მასშტაბით და ინტესივობით  ინდოეთს გაერთიანებული სამეფო მოსდევს.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

კიდევ გაჩნდება ახალი შტამები?

COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი შტამიც გამოჩნდება. მათ უმრავლესობას არ ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა; თუმცა, შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი ახალი შტამები, რომლებიც მეტად გადამდები იქნება, ან მეტად მძიმე დაავადებას გამოიწვევს.

ახალი შტამების იდენტიფიცირებისათვის,  მათ გავრცელებაზე დასაკვირვებლად და სიმძიმის შესაფასებლად  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს კარგად ორგანიზებული დაკვირვების სისტემები აქვთ.  

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ ხდება ახალი შტამების იდენტიფიცირება და მათზე დაკვირვება?

პანდემიის დაწყებიდანვე,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ტესტირებისა და COVID-19-ის ვირუსის უკეთ შესწავლის მხარდასაჭერად,  საექსპერტო ლაბორატორიების ქსელთან თანამშრომლობს მსოფლიო მასშტაბით.

კვლევითმა ჯგუფებმა მოახდინეს ვირუსის ახალი შტამების სეკვენირება, რაც ნიშნავს, რომ მათ „წაიკითხეს“ გენომის შემადგენელი გენეტიკური კოდი, და გააზიარეს იგი საჯარო მონაცემთა ბაზებში, მათ შორის „GISAID ინიციატივის“ მეშვეობით. ასეთი გლობალური თანამშრომლობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს მიიღონ წვდომა გლობალურ მონაცემებზე ვირუსსა და მის ცვლილებებზე უკეთ დაკვირვებისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის SARS-CoV-2-ის გლობალური ლაბორატორიების ქსელი მოიცავს „ვირუსის ევოლუციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს,“ რომლის მიზანია ახალი მუტაციების სწრაფი აღმოჩენა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შეფასება.

მრავალი ქვეყანა აგრეთვე, დამოუკიდებლად ატარებს COVID-19-ის ახალი შტამების სეკვენირებას და მონაცემებს  ”საერთაშორისო თანამეგობრობას” უზიარებს, რაც ხელს უწყობს გლობალურ დაკვირვებას და რეაგირებას.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რა გავლენა აქვს ვირუსის ცვლილებას ვაქცინების ეფექტურობაზე?

მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის პროგრამებში ამჟამად გამოყენებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სულ მცირე, ნაწილობრივ დაცვას მაინც შექმნიან ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ, რადგან ყველა ეს ვაქცინა გათვლილია ფართო იმუნურ პასუხზე.

თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი ახალი შტამის წინააღმდეგ, შესაძლებელი იქნება ვაქცინის შემადგენლობის ცვლილება ამ შტამებისგან დასაცავად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს თანამშრომლობას მკვლევარებთან, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებთან და მეცნიერებთან, რომ დაადგინოს, როგორ ზემოქმედებენ ეს ახალი შტამები ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, როგორია მათი გავლენა ვაქცინების ეფექტურობაზე.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

გახდება თუ არა ახალი შტამების გავცრელება დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზეზი

ახალი შტამების წარმოქმნა გავრცელებული ფენომენია და თავისთავად საშიშროებას არ წარმოადგენს მანამდე, სანამ ვირუსის ქცევის შეცვლას დაიწყებს. ამდენად, საჭიროა მოსახლეობაში ახალი შტამებზე დაკვირვება, რათა დროულად გადაიდგას სათანადო ნაბიჯები მათ შესაკავებლად და გასაკონტროლებლად. 

ეს არ ნიშნავს აუცილებლად დამატებით შეზღუდვებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ უნდა გამოვრიცხოთ „ლოქდაუნიც“, რადგან საზოგადოებაში ვირუსის გავრცელებასთან გასამკლავებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის კონკრეტული საყურადღებო შტამის გავრცელება საგრძნობლად გაიზრდება. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

საჭიროა თუ არა შევზღუდოთ მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა შტამების გავრცელების მიზეზით?

ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით, საყურადღებო ახალი შტამის არსებობის პირობებში და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილით კვლავ ვაქცინაციის გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ უწევს რეკომენდაციას მგზავრობას მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მიზეზით, როგორიცაა საგანგებო ვითარება, ჰუმანიტარული მოქმედება, ძირითადი სერვისის მიმწოდებელი პერსონალისა  და ზოგიერთ სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირების გადაადგილება.

დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში მგზავრობისგან, სადაც ცნობილია საზოგადოებაში დაავადების  გავრცელების შესახებ.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ დავიცვათ თავი COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ახალი შტამებით ინფიცირებისგან?

პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში არ წარიმართება. ვაქცინაციის მიმდინარეობის დროს უნდა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შანსი, შევამციროთ ვირუსით ჩვენი დაინფიცირების  და  სხვების დაინფიცირების რისკი.

ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ადამიანებმა უნდა დაიცვან რეკომენდირებული ზომები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალურ ზომებს. ეს გულისხმობს ხელების ხშირად დაბანას, ნიღბის ტარებას, სულ მცირე ერთ მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვას, ჰაერის კარგ განიავებას და ხალხმრავალ ადგილებში ან ჩაკეტილ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავებას. ეს ზომები კარგად მუშაობს ყველა ვირუსის ყველა ახალი შტამის წინააღმდეგ, ამცირებს ვირუსის გადაცემას და ვირუსის შემდგომი მუტაციის შანსებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისარგებლონ მათთვის შეთავაზებული ვაქცინით, როცა რიგი მოუწევთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, შემცირდება ვირუსის გავრცელებაც, რაც ასევე გამოიწვევს მუტაციების შემცირებას.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რა რეკომენდაციებს აძლევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ვირუსის ცვლილებასთან დაკავშირებით?

ქვეყნებში უნდა გაიზარდოს SARS-CoV-2-ის ვირუსის ახალი შტამების სეკვენირება და მოხდეს შედეგების წარმოდგენა, რომ გაიზარდოს ჩვენი ინფორმაციულობა ეფექტური პასუხის შესამუშავებლად.

ჯანმო მოუწოდებს  ქვეყნებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და სოციალურ ზომებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი აპრობირებული ზომების გაგრძელებისა და გაორმაგებისკენ, ასევე,  შემთხვევების ტესტირების, იზოლირებისა და მკურნალობის, კონტაქტების გამოვლენსა და შემთხვევების კონტაქტების კარანტინში მოთავსებისაკენ.

მართალია, გადაცემის მაჩვენებლები ამჟამად კვლავ მაღალია, მაგრამ მთლიანობაში ევროპის რეგიონში COVID-19-ის შემთხვევების კლება ფიქსირდება

როდესაც ეპიდემიის მრუდი სწორდება, ნაადრევია სიფხიზლის უგულვებელყოფა, პირიქით, საჭიროა მისი ხარისხის ზრდა, რომ არ მოგვიწიოს „ლოქდაუნის“ პირობებში დაბრუნება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

წყარო:

World Health Organization

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.