covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 932 643

სრულად აცრილი 💉💉

914 311

რატომ არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა

რა არის ვაქცინის ეფექტურობა

ვაქცინის ეფექტურობა არის ვაქცინის უნარი, დაგვიცვას დაინფიცირებისა და/ან დაავადების განვითარებისგან. ვაქცინის ეფექტურობის განმსაზღვრელია ვაქცინირებულ ორგანიზმში დაავადების რისკის პროცენტული შემცირების მაჩვენებელი არავაქცინირებულებთან შედარებით.

უფრო ნათელი რომ გავხადოთ, თუ რა არის ვაქცინის ეფექტურობა, განვიხილოთ პფაიზერის (Pfizer-BioNTech) ვაქცინის მაგალითზე.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია. რას ნიშნავს ეს რიცხვი

95%-იანი ეფექტურობა ნიშნავს, რომ ვაქცინა 95%-ით ამცირებს COVID-19-ით დაავადების რისკს ვაქცინირებულებში, იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ.

95% ეფექტურობა არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებული 100 ადამიანიდან 95 დაცული იქნება COVID-19-სგან. ეს არის ყველაზე გავრცელებული არასწორი წარმოდგენა ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ვირუსისგან დაცულობა ჯილდო არ არის, რომელიც 100-დან 95-ს შეხვდება და დანარჩენი 5 დაუცველი რჩება. სინამდვილეში, ფაიზერის ვაქცინის კლინიკურ კვლევებში, აცრილების მხოლოდ 0.04%-ში დაფიქსირდა COVID-19-ის შემთხვევები.

ეფექტურობა თანაბრად ნაწილდება ყველა აცრილ პირზე – თუ თქვენ აიცერით პფაიზერის ვაქცინის ორივე დოზით და სრული ვაქცინაციიდან მინიმუმ ორი კვირა გავიდა, ყოველ ჯერზე, როცა კორონავირუსით ინფიცირებულთან გექნებათ კონტაქტი, თქვენ 95%-ით ნაკლები რისკი გექნებათ დაავადდეთ COVID-19-ით, იმ პირთან შედარებით, რომელიც აცრილი არ არის.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა ვაქცინის შემთხვევაშიც სწორედ იგივე ხდება. ჩასვით შესაბამისი ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი წინა აბზაცში და მიიღებთ ამ კონკრეტული ვაქცინის დამცველობის უნარს.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

შემიძლია სხვადასხვა ვაქცინის ეფექტურობა შევადარო

სხვადასხვა ვაქცინის ეფექტურობის შედარება საფრთხილოა, რადგან ყველა ვაქცინის კლინიკური კვლევები სხვადასხვა გარემოსა და პირობებში განხორციელდა: განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში (სხვადასხვა ქვეყანაში და ზოგჯერ სხვადასხვა კონტინენტზეც), განსხვავებული მოსახლეობით, პანდემიის სხვადასხვა პერიოდში, როდესაც განსხვავებული იყო როგორც ზოგადად COVID-19-ის, ასევე კორონავირუსის სხვადასხვა შტამის გავრცელების არეალი და შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ეს ვაქცინები ერთმანეთს შევადაროთ, მაშინ ყველა მათგანი ერთი კლინიკური კვლევის ფარგლებში და ერთი პროტოკოლის ქვეშ უნდა გამოყენებულიყო, ერთნაირი ზედამხედველობით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ ვერ შევადარებთ ვაქცინებს ერთმანეთს, არის ის, თუ როგორ ზომავდნენ და აფასებდნენ სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში გამოსავალს (“გამოსავალში” იგულისხმება COVID-19-ის შემთხვევები).

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ განისაზღვრაCOVID-19-ის შემთხვევები

თითოეული ვაქცინის კლინიკური კვლევის პროტოკოლში წინასწარ მკაცრად აქვთ განსაზღვრული, რას ნიშნავს “გამოსავალი” ანუ რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ აცრილ ან აუცრელ პირებში COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა.

მაგალითად, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების შემთხვევაში, COVID-19-ის შემთხვევად განისაზღვრა ყველა ის შემთხვევა, რომლებშიც ფიქსირდებოდა სიმპტომების წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან მინიმუმ ერთი სიმპტომი მაინც და დადებითი ტესტი კორონავირუსზე. ანუ, პირი ითვლებოდა COVID-19-ის შემთხვევად, თუ მას ჰქონდა დადებითი ტესტი კორონავირუსზე და სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც.

ჯონსონ ენდ ჯონსონმა კი “შემთხვევად” განსაზღვრა დადებითი COVID-19-ის ტესტი და მინიმუმ ერთი ზომიერი სიმპტომის ქონა ან დადებითი COVID-19-ის ტესტი და მინიმუმ ორი მსუბუქი სიმპტომის ქონა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვაქცინების ეფექტურობის შედარება საკმაოდ რთული, წარმოუდგენელიც კია.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს განსხვავებული ეფექტურობა აქვს. რომელი ავირჩიო

ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებას სიმპტომური დაავადებისგან დასაცავად. მაგრამ ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს არის ის, თუ როგორ იცავს ეს ვაქცინები მძიმე დაავადებებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. ამ დროისთვის მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19-ის ყველა ავტორიზებული ვაქცინა ძალიან ეფექტურია კორონავირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად.

მაგალითად, მსუბუქი და ზომიერი დაავადების პრევენციაში, ასტრაზენეკას ვაქცინას უფრო დაბალი ეფექტურობა აქვს, ვიდრე პფაიზერის ვაქცინას, მაგრამ ის ძალზე წარმატებულია მძიმე დაავადების პროფილაქტიკისთვის, თითქმის 100% ეფექტურობით. COVID-19-ის ძალიან რეალური რისკების გათვალისწინებით, ამჟამად მსოფლიოსთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ყველაზე მნიშვენლოვანია შევამციროთ COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვები, რის, თითქმის 100%-იან გარანტიასაც ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა იძლევა.

ბოლოს, როგორც ერთგან მოვისმინე, The best vaccine right now for you is the one that you’re offered – თქვენთვის საუკეთესო ვაქცინა არის ის, რომელსაც შემოგთავაზებენ.


*აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში განსხვავდება ვაქცინის ეფექტიანობისგან რეალურ სამყაროში. კლინიკურ კვლევებში ვაქცინირებულ პირებზე მეტი კონტროლია და შესაბამისად, ეფექტურობა შესაძლოა განსხვავებული იყოს (განსხვავებული არ ნიშნავს მეტს, შესაძლოა იყოს ნაკლებიც).

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

წყარო:

World Health Organization

The New England Journal of Medicine

The Lancet

Vox

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.