covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

7 მიზეზი, რატომაა მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ომიკრონის  გავრცელების დროს

ექსპერტთა პროგნოზით, ომიკრონის ვარიანტის ფართო გავრცელების შედეგად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კოვიდით ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინფიცირდება.  მოსაზრებამ, რომ ომიკრონით გამოწვეული დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს და ვაქცინაცია შედარებით ნაკლებად იცავს აღნიშნული შტამისგან, შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ იქნებ სჯობს „მოვიხადოთ ინფექცია“ და არ ჩავიტაროთ ვაქცინაცია. იხილეთ 7 მიზეზი რატომაა მსგავსი მოსაზრება სახიფათო:

მიზეზი #1 საავადმყოფოების გადატვირთვა

დაავადების მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემცირების დროსაც კი, საავადმყოფოები და ჯანდაცვის სექტორი ომიკრონის გამო გადატვირთულია, რადგან ის ძალზე გადამდებია და შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში, ტყის ხანძრის მსგავსად ვრცელდება. ისედაც გადატვირთული სისტემის პირობებში (სამედიცინო პერსონალი დაავადებულია ან კარანტინში იმყოფება), როდესაც სხვა დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობა შემაშფოთებლად შემცირებულია, ომიკრონი გამოწვეული მდგომარეობა კატასტროფის ტოლფასია.

მიზეზი #2 თუ არ ხარ ვაქცინირებული გაცილებით მაღალია გარდაცვალების რისკი

გარდაცვალების რისკი განსხვავდება ქვეყნისა და სხვა ფაქტორების მიხედვით, მაგრამ არავაქცინირებული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალების ალბათობა, ვაქცინირებულ პირთან შედარებით, 10- 20-ჯერ მეტია.

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, არსებული კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ეფექტურია, როგორც დელტა ასევე ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ და იცავს როგორც ჰოსპიტალიზაციისგან (დელტა – 94% და ომიკრონი-90% შესაბამისად), ასევე ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოხვედრისაგან (დელტა- 94% და ომიკრონი -82%). ამასთან, 3-6 თვის შემდგომ ვაქცინაციის ეფექტურების შემცირების გათვალისწინებით ვაქცინის მესამე ბუსტერ დოზის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაცვას ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ, ვინაიდან თითქმის 25-ჯერ ზრდის ომიკრონის საწინააღმდეგო მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრს ორი დოზით ვაქცინაციასთან შედარებით.

მიზეზი #3 რეინფექციის რისკი უფრო მაღალია

დიდი ბრიტანეთის მონაცემებით ომიკრონის უნარი, დაუსხლტეს იმუნიტეტს, დელტასთან შედარებით 5,4-ჯერ მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელახალი ინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

მიზეზი #4 შეიძლება დააინფიციროთ მაღალი რისკის მქონე ადამიანები

მაშინაც კი, თუ დაინფიცირების შემთხვევაში ასიმპტომური ხართ ან  მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები გაქვთ, შეიძლება  ვირუსი სხვას გადასდოთ, რომელიც უფრო დაუცველია – მაგალითად ორსულს ან ხანდაზმულს, რომელთა შემთხვევაშიც დაავადების შედეგები გაცილებით მძიმეა.

ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულებისა და გარდაცვალების  განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული პირები, 60 წელზე უფროსი ასაკისა და სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები, ორსულები, ასევე პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების ქრონიკული, ცერებროვასკულური დაავადებები, დემენცია, ფსიქიკური დარღვევები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესია, კიბო და აივ/შიდსი.

ვინაიდან ომიკრონი უფრო გადამდებია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვარიანტი, მისი გადაცემის რისკი მაღალია. რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტია მისი მუტაციის შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი, როგორც ჩანს, უფრო ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს იწვევს, ვიდრე დელტა, თუ ის  ცირკულაციას გააგრძელებს, ჩვენ შეიძლება ახალი ვარიანტის გაჩენის მოწმე გავხდეთ, რომელიც ბევრად უფრო საშიში იქნება.

მიზეზი #5 კოვიდის გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგაც შეიძლება მაინც დაავადდეთ

როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ თუ ვაქცინირებულია ან უკვე გადაიტანა ინფექცია, აღარ იმყოფება ომიკრონით დაინფიცირების რისკის ქვეშ. სამწუხაროდ, არსებული ინფორმაციით ომიკრონი გაცილებით ადვილად უსხლტება იმუნიტეტს ვიდრე წინამორბედი ვარიანტები. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია გადამწყვეტია მძიმე დაავადების პროფილაქტიკისთვის, არც ერთი ვაქცინა არ არის 100% ეფექტური და ვაქცინირებული ადამიანი მაინც შეიძლება დაინფიცირდეს. თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინირებულ პირებში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და დაბალია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი.

მიზეზი #6 თქვენ შეიძლება გახანგრძლივებული კოვიდი განგივითარდეთ

გაურკვეველია, როგორია გახანგრძლივებული კოვიდის განვითარების რისკი ომიკრონის შემთხვევაში, თუმცა, ინფექციის შემდეგ ამ ქრონიკული მდგომარეობის განვითარების რისკი რეალურია და მილიონობით ადამიანი, ვისაც ის განუვითარდა, ინფიცირებიდან თვეების განმავლობაში, არ გამოჯანმრთელებულა. ბოლო კვლევის მონაცემებით, გახანგრძლივებული კოვიდის რისკი 41%-ით დაბალია აცრილ პირებში აუცრელებთან შედარებით.

მიზეზი #7 ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია

COVID-19-ის წინა ვარიანტებისგან განსხვავებით, ომიკრონი მრავლდება ზედა და არა ქვედა სასუნთქ გზებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ არ არის ნათელი, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. სანამ ომიკრონის შესახებ კვლევები გრძელდება, უმჯობესია იყო უსაფრთხოდ, ვიდრე შემდგომ ინანო.

ომიკრონისგან დასაცავად დროულად ჩაიტარე აცრა, მიიღე ბუსტერ დოზა და დაიცავი უსაფრთხოების წესები.

გამოყენებული წყაროები:

  1. GAVI. Seven reasons why trying to get ‘COVID over with’ is a bad idea https://www.gavi.org/vaccineswork/seven-reasons-why-trying-get-covid-over-bad-idea?fbclid=IwAR13lT-hpBQjWQUZ6nmsfhVZ6mRNmsy54XW6Eq82WC2if2SWEwB8OtESP6E
  2. CDC Effectiveness of a Third Dose of mRNA Vaccines Against COVID-19–Associated Emergency Department and Urgent Care Encounters and Hospitalizations Among Adults During Periods of Delta and Omicron Variant Predominance — VISION Network, 10 States, August 2021–January 2022 https://www.cdc.gov/mmwr/volumes/71/wr/mm7104e3.htm?s_cid=mm7104e3_x
  3. Pfizer and BioNTech Provide Update on Omicron Variant Wednesday, December 08, 2021 – 06:54am https://www.pfizer.com/news/press-release/press-release-detail/pfizer-and-biontech-provide-update-omicron-variant
  4. Self-reported long COVID after two doses of a coronavirus (COVID-19) vaccine in the UK: 26 January 2022 Self-reported long COVID after two doses of a coronavirus (COVID-19) vaccine in the UK – Office for National Statistics (ons.gov.uk)
  5. Laboratory-Confirmed COVID-19 Among Adults Hospitalized with COVID-19–Like Illness with Infection-Induced or mRNA Vaccine-Induced SARS-CoV-2 Immunity — Nine States, January–September 2021 Weekly / November 5, 2021 / 70(44);1539–1544 On October 29, 2021, this report was posted online as an MMWR Early Release. https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7044e1.htm?s_cid=mm7044e1_w&fbclid=IwAR1XvNZiW5unkxRNH4H3KydWO6brPR5XCXo1lqnTDRE7DOXvHyV-sqdif9c
  6. NCDC Report. https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=a424ba18-9ab0-4b30-bfc9-022f8a8e1ddc
დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.