covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

12 ყველაზე გავრცელებული მითი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე

COVID-19-ის პანდემიის დაწყების პირველი დღიდან მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი დიდი იმედით ელოდა ვაქცინის შექმნას. მაშინ, როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა და სხვადასხვა ინსტიტუტმა ვაქცინაზე მუშაობის დასრულება გვახარა, ციფრულ სამყაროში და არა მარტო, უამრავი ცრუ ინფორმაცია და ბრალდება გაჩნდა. ანტივაქსერთა ნაწილი უშვილობით გვაშინებდა, ნაწილი კი ჩვენს სხეულში სათვალთვალო ჩიპის მოთავსების შესახებ გვაფრთხილებდა. ზღვა ინფორმაციის მორევში, რა თქმა უნდა,  ხანდახან რთულდება გავიგოთ რა არის მითი და რა არის ფაქტი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ინფორმაცია სანდო და გადამოწმებული წყაროებიდან მოვიძიოთ, მოვუსმინოთ დარგის სპეციალისტებს და გავეცნოთ უახლეს კვლევებს.

ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, შეთქმულების თეორიებისა და მითების მოყვარულებს იმედები ნამდვილად გაუცრუვდებათ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 12 ყველაზე გავრცელებულ მითს და ფაქტებზე დაფუძნებუპასუხებს.

მითი № 1

ჩვენ ვართ ექსპერიმენტის ნაწილი, COVID-19-ის ვაქცინას ჩვენზე ცდიან

ფაქტი

საქართველოში ადმინისტრირებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. შესაბამისად, ვაქცინაცია არ არის ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარების პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი საშუალებაა პანდემიის შესაჩერებლად.

მითი № 2

ვაქცინა კლავს

ფაქტი

მსოფლიოში 20-მდე დაავადებისგან დამცავი ვაქცინა არსებობს, როგორიცაა: წითელა, წითურა, დიფტერია, პოლიო, ტეტანუსი, ცოფი, გრიპი და სხვა. ამ ვაქცინების საშუალებით ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი სიკვდილისგან გადარჩება.  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ განსხვავდება ამ ვაქცინებისგან. შესაბამისად მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინა კლავს, საფუძველს მოკლებულია.

მითი № 3

COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინა შეცვლის ჩემს დნმ-ს

ფაქტი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ შეცვლის თქვენს დნმ-ს. ფაიზერის ვაქცინა შეიცავს საინფორმაციო (მესენჯერ) რნმ-ს (მ-რნმ), რომელიც არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა). მ-რნმ ორგანიზმიდან გამოიდევნება, როგორც კი თავის ფუნქციას შეასრულებს.

მითი № 4

მე უკვე გადავიტანე COVID-19  და ვაქცინაცია არ მჭირდება

ფაქტი

COVID-19-ის ინფექციის გადატანის მიუხედავად ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოში ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ინფექციის დადასტურებიდან 30 დღეში.

მითი № 5

COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ პირბადის ტარება აღარ დამჭირდება

ფაქტი

პირბადის ტარება, ხელების დაბანა და ფიზიკური დისტანცია აუცილებელია, სანამ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ აიცრება

მითი № 6

ავიცერი თუ არა COVID-19  შემხვდა, მგონი ვაქცინით შემიყვანეს ვირუსი

ფაქტი

თქვენ ვერ დაავადდებით COVID-19-ით ვაქცინაციის შედეგად, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს!

მითი № 7

არ მივეკუთვნები რისკ ჯგუფს და COVID-19-ს ადვილად გადავიტან, არ მჭირდება ვაქცინაცია

ფაქტი

მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება დაავადდეს COVID-19-ის მძიმე ფორმით. COVID-19 ვირუსის ახალი სახეობები ძალიან სწრაფად და აგრესიული ფორმით ვითარდებიან, ავადდებიან ბავშვებიც. COVID-19-ის მძიმე ფორმით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, როგორც ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე, ისე ახალგაზრდა და ჯანმრთელი; სამწუხაროდ ლეტალური შემთხვევები ხდება ნებისმიერ ასაკში.

მითი № 8

ვაქცინაციას რა აზრი აქვს, აცრილებსაც ემართებათ COVID-19

ფაქტი

მსოფლიოში არსებული არცერთი ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ ვირუსი არ შეგხვდება. ვაქცინის ძირითადი მიზანია შეამციროს ინფიცირების ალბათობა, დაავადების შემთხვევაში კი გართულება და სიკვდილის რისკი.

მითი № 9

ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებმა, ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ.

ფაქტი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და მას სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მნიშვნელოვანი დაცვის უზრუნელყოფა შეუძლია. თუ თქვენ ხართ პაციენტი ან უახლოეს წარსულში დაასრულეთ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინის გაკეთება განიხილეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

მითი  № 10

მე დიაბეტი მაქვს და ვენებიც მაწუხებს, ჩემთვის ვაქცინაცია არ შეიძლება

ფაქტი

ვაქცინაცია პირველ რიგში რეკომენდებულია ისეთი მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორიცაა დიაბეტისა და სისხლძარღვთა თრომბოზული დაავადების მქონე პაციენტები. სწორედ ასეთი პირების COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია რისკი, რომ ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა გაუძნელდეს, პაციენტი დამძიმდეს, დასჭირდეს საავადმყოფოში გადაყვანა და, სამწუხაროდ, ყველა ძალისხმევის მიუხედავად, გარდაიცვალოს.

მითი № 11

საქართველოში წარმოდგენილი ვაქცინები არ არის კარგი ხარისხის

ფაქტი

COVID-19-ის, ისევე როგორც ყველა სხვა ვაქცინის (როგორიცაა: წითელა, წითურა, ყბაყურა, ცოფი, ტეტანუსი და ა.შ) უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, სხვა ვაქცინების მსგავსად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კლინიკურ კვლევებში გადიან მკაცრ ტესტირებას იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარებს.

მითი № 12

ერთი აცრის მერე შემხვდა COVID-19 და მეორე აცრა აღარ დამჭირდა

ფაქტი

აცრა მნიშნელოვანია იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19  უკვე გადაიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ისგან განკურნებულ ადამიანებს შეიძლება ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდეთ, ჯერჯერობით არ არის დადგენილი ზუსტად რა პერიოდი გაგრძელდება იმუნიტეტი და ხართ თუ არა დაცული რეინფიცირებისგან. რეკომენდებულია: ის ადამინები, რომლებიც პირველი დოზის მიღების/აცრის შემდეგ დაავადდნენ, ინფექციის დადასტურებიდან 30 დღეში აიცრან ვაქცინის მეორე დოზით.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.