covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

რატომ ინფიცირდება ზოგიერთი სრულად ვაქცინირებული ადამიანი?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნამ მსოფლიოს პანდემიიდან თავის დაღწევის იმედი მისცა. კორონავირუსისგან თავის დასაცავად კი საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას მაქსიმალურად მოკლე დროში. და მაინც როგორ გვიცავს ვაქცინა და არსებობს თუ არა ვირუსით დაინფიცირების რისკი მაშინაც კი თუ უკვე სრულად ვაქცინირებულები ვართ?

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ გვიცავს ვაქცინა?

ცნობილია, რომ იმუნური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმის დაცვას, კერძოდ (1) ანტისხეულები, იგივეY-ის ფორმის პროტეინები ეკრობიან მიკრობებს და ანეიტრალებენ მათ და (2) T უჯრედები (T ლიმფოციტები) პოულობენ და ანადგურებენ ინფიცირებულ უჯრედებს. ანტისხეულები გამომუშავდება ვირუსის ზედაპირზე უფრო ცვალებადი ცილების წინააღმდეგ, ხოლო T უჯრედების მთავარი სამიზნე ვირუსის შიგნით არსებული უფრო მდგრადი ცილებია. ამასთან, T უჯრედები  დაავადების სიმძიმის შემცირებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რამდენად დაცულია სრულად ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებისგან

მიუხედვად იმისა, რომ COVID-19- ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები თითქმის 100%-ით იცავს ადამიანს COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ვაქცინა 100%-ით ეფექტური იყოს დაინფიცირების ან ინფექციის გადაცემის პრევენციის კუთხით. შესაბამისად, არსებობს სრულად ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების მცირე რისკი, რომელიც ცნობილია, როგორც “breakthrough infection” და მოსალოდნელია ნებისმიერი ვაქცინაციის შემთხვევაში.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორია სხვა ვაქცინების ეფექტურობა

მნიშვნელოვანია ვაქცინების ეფექტურობის სწორი გაცნობიერება. არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აცრილთა აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისაგან, თუმცა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობის, საშიში გართულებებისა და სიკვდილისაგან.

მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში ინფექციის სრულ აღმოფხვრას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინირებულია. წითელათი ინფიცირების შემთხვევები გვხვდება არა მხოლოდ არავაქცინირებულებში, არამედ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებშიც.

ასევე, მაგალითად, სეზონური გრიპის ვაქცინა ვირუსის გავრცელებული ფორმებისაგან (შტამები) გვიცავს, მაგრამ, შესაძლოა, სეზონზე გავრცელდეს გრიპის ვირუსის განსხვავებული შტამები  და ვაქცინირებული ადამიანები მაინც დაავადდნენ. ასეთ შემთხვევებში ვაქცინირებულებში, არავაქცინირებულებისაგან განსხვავებით, დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმით ვლინდება .

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რა ვიცით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა დაინფიცირების შემთხვევებზე

SARS-CoV-2 ვირუსით (ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს) ვაქცინირებულების დაინფიცირების შემთხვევებზე არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, მათ შორის სეიშელის კუნძულებიდანაც, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე კვლევის შედეგები  სამეცნიერო ჟურნალებში არ გამოქვეყნებულა. New England Journal of Medicine– ს უახლეს ანგარიშში აღწერილია ვაქცინაციის შემდეგ COVID-19-ით დაინფიცირების ორი შემთხვევა, ორივე პაციენტში დაავადება გამოვლინდა მსუბუქი სიმპტომებით, რომლებიც ერთ კვირაში ალაგდა.  

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელიც ჯერჯერობით არ არის განხილული სხვა მეცნიერების მიერ, აღწერილია COVID-19-ით ინფიცირების 189 შემთხვევა 22,729 ვაქცინირებულ ჯანდაცვის წარმომადგენელში. აქედან ნაწილი  არასრულ ვაქცინაციას უკავშირდება. კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაციის შემდგომ დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმედ მიმდინარეობის ნაკლები შანსია.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რა ხდება სრულად ვაქცინაციის მიუხედავად დაინფიცირების მიზეზი

ვაქცინირებული პირების დაინფიცირების რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. ადამიანის იმუნური პასუხი განსხვავებულია, ისევე, როგორც აღნიშნული პასუხის ეფექტურობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული მედიკამენტების მიღება (მაგ: იმუნოსუპრესანტები) ან ასაკი.

ასაკობრივი ჯგუფი

ხანდაზმულ ასაკში ადამიანის იმუნური სისტემა ვეღარ რეაგირებს ახალ ანტიგენებზე (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება, რომელიც აიძულებს თქვენს იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები მასთან საბრძოლველად) და ვაქცინებზე, ისე როგორც ახალგაზრდა ასაკში. კვლევის მონაცემების თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ახალი შტამები

ვაქცინირებული პირების დაინფიცირების კიდევ ერთი მიზეზი  ვირუსის ახალი შტამების გავრცელებაა, რომლებიც „უსხლტებიან“ იმუნიტეტს და ვაქცინირებულ პირებშიც კი იწვევენ დაავადებას. ზოგადად ვირუსებისთვის, განსაკუთრებით კი რნმ ვირუსებისთვის, როგორიცაა SARS-CoV-2, დამახასიათებელია მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა, რომელთაგან ზოგი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს.

მიუხედავად ამისა, ეს ახალი შტამებიც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეფექტურად განეიტრალდეს იმუნური სისტემის მიერ, რადგან მუტაციის შედეგად ნაკლებად იცვლება ვირუსის ის ნაწილები, რომელთა ამოცნობაც ანტისხეულებსა და T უჯრედებს შეუძლიათ.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რატომ უნდა ავიცრათ?

უდავოა, რომ  ვაქცინაციაა პანდემიის დასრულების უმთავრესი იარაღია. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა თავიდან აგვაცილებს ადამიანების დაინფიცირების ყველა შესაძლო შემთხვევას.

როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ,  სრულად ვაქცინირებულები,  იშვიათ შემთხვევაში,  შესაძლოა COVID-19-ით ისევ დაინფიცირდნენ, თუმცა დაავადება გაცილებით მსუბუქი ფორმით განვითარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციამ, ვაქცინირებულის  კოვიდით შესაძლო დაინფიცირების შესახებ, საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაბნეულობა და არ გახდეს ვაქცინაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის მიზეზი.  

ვაქცინირებულებში ინფიცირების შემთხვევების კვლევა მეცნიერებს ხელს შეუწყობს  დახვეწონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ან შეიმუშაონ დამატებითი („ბუსტერ“) დოზებთან  დაკავშირებული რეკომენდაციები.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.