ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.
აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს.
„COVID-19-მა ჩვენს რეგიონში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით,“ – ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევაა და ეს კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ასრულებს დანაპირებს – იცავს ადამიანის სიცოცხლეს მძიმე დაავადების და სიკვდილისგან. ვაქცინების გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია ევროპის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ რაც შეძლება მეტი ადამიანის აცრა, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანებს, ვინ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას და რაც შეიძლება მალე უნდა დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები. ამასთანავე, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა გადაცემა იყოს დაბალი, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება შეუფერხებლად წარიმართოს,“ – ამბობს კლუგე.
2019 წლის დეკემბრიდან ევროპის რეგიონის ქვეყნებში SARS-CoV-2-ით 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 90.2% 60 წლის და მეტი ასაკის იყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი წარმოების და ადმინისტრირების წყალობით შესაძლებელი გახდა მილიონობით მოწყვლადი ადამიანის დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან. თუმცა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვაქცინების გამოყენების ტემპი არათანაბარია.
კვლევის მეთოდოლოგია
ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე კვლევის ავტორებმა (WHO/ევროპა და ECDC) გამოთვალეს იმ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. ამის შემდეგ გამოთვალეს COVID-19-ის ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა, როგორც სხვაობა ამ სავარაუდო რაოდენობასა და 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით აღრიცხულ სიკვდილის რაოდენობას შორის, 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში.
ამ შეფასების მიხედვით, COVID-19 ვაქცინაციის წყალობით ამ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა 33 ქვეყანაში – სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა. რამდენიმე ქვეყანაში, სადაც უფრო დეტალური მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, გადარჩენილ ადამიანებს შორის უმეტესობა 80 წლის და ზემო ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება (261,421 ადამიანი).
კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა. აქ ასევე ნაჩვენებია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ადრეულად დაიწყო და მისი გამოყენება სამიზნე ჯგუფებში მაღალი იყო.
სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ნაკლებად ეფექტური იყო, ვინაიდან ვაქცინაცია ან ნელა წარიმართა, ან მიმდინარეობდა არაეფექტური ფარმაცევტული ინტერვენციების პარალელურად.
ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი ამბობს: „ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპს შედეგად მოჰყვება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ გააუმჯობესონ იმუნიზაციის ტემპი, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.“„ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია COVID-19 ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ დაცვა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ქვე-ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალია, ვიდრე ეს სასურველია. ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინაცია გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს.“