- რა არის ცნობილი ორსულობის დროს COVID-19-ის შესახებ?
COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებში, ორსულთა ორ მესამედს არ აღენიშნებოდათ სიმპტომები. დიდ ბრიტანეთში, ზედამხედველობის სისტემამ აჩვენა რომ 100-დან დაახლოებით ერთ ორსულს, რომელიც მოთავსდა საავადმყოფოში დადებითი პასუხი ჰქონდათ COVID-19-ის ინფექციაზე (თუმცა ეს შეიცვლება პანდემიის ეტაპებზე) 10-დან ერთი ქალი, რომელიც მოთავსდა საავადმყოფოში COVID-19-ის ინფექციით საჭიროებდა ინტენსიურ თერაპიას.
ორსულობის გვიან ეტაპზე/პერიოდში COVID-19-ით გამოწვეული გართულებების რისკი მაღალია, ასევე ინფიცირებულ ორსულებში 2-ჯერ მაღალია მკვდრადშობადობის და ნაადრევი მშობიარობის რისკი.
742 ორსულიდან, რომელიც მოთავსდა საავადმყოფოში COVID-19-ის სიმპტომებით 2021 წლის 1 თებერვლიდან, მხოლოდ 4 იყო ვაქცინირებული ერთი დოზით, ხოლო დანარჩენს არც ერთი დოზა არ ჰქონდა გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ ორსულების 99%-ზე მეტი, რომელიც COVID-19-ის სიმპტომური ფორმით მოხვდა საავადმყოფოში იყო აუცრელი (წყარო: MedRxiv).
- არის თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური ორსული ქალებისთვის?
COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ კომპონენტს. იგი უსაფრთხოა ორსულებისთვის.
რაც შეეხება ცოცხალ ვირუსებზე დაფუძნებულ ვაქცინებს, ისინი არ გამოიყენება ორსულობის დროს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც ორსულს, ასევე ნაყოფს. ორსულებისთვის რეკომენდირებულია არაცოცხალი ვაქცინები, მაგალითად როგორიცაა გრიპის და ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინები.
კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები გადიან ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას COVID-19-ის მიმართ. როგორც ცნობილია, ორსულობის პერიოდში, COVID-19-ით დაინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის მძიმე მიმდინარეობა და სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში, სწორედ ამიტომ სასურველია ორსულობის პერიოდში ჩაიტაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
- რა გავლენას ახდენს ორსულობის დროს ჩატარებული ვაქცინაცია ახალშობილზე?
რამდენადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ახალია, ჯერაც არ ჩატარებულა გრძელვადიანი კვლევები იმ ბავშვებზე, რომელთა დედები COVID-19-ით იყვნენ ინფიცირებულნი.
ოთხი ქვეყნის ექვსი კვლევის შედეგებმა უჩვენა (რომელშიც 40 000-ზე მეტი ორსული მონაწილეობდა), რომ ვაქცინა არ ზრდის ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდარშობადობის და ასევე, მცირე გესტაციური ასაკის ბავშვის დაბადების ან თანდაყოლილი პათოლოგიების რისკებს.
- იწვევს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის შეწყვეტას ან მკვდარშობადობას?
კვლევებით დგინდება, რომ ორსულობის შეწყვეტის და მკვდარშობადობის რიცხვი დაბალია იმ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ ზრდის ორსულებში სპონტანური აბორტის ან მკვდარშობადობის რისკს. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული ექვსი კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ორსულებში სპონტანური აბორტის სიხშირე ერთნაირია.
- რა სარგებლობა მოაქვს COVID-19-ის ვაქცინაციას ორსულობის დროს?
ორსულებში რეკომენდირებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენადაც ის საუკეთესო საშუალებაა ორსულებში და ახალშობილებში COVID-19-ის რისკების, მათ შორის ინტენსიური თერაპიის საჭიროების და ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად.
COVID-19 გავლენას ახდენს ორსულობაზე. ინფიცირებულ ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკი ორჯერ მეტია.
უახლესი კვლევებით, COVID-19-ით ინფიცირებულ ორსულებში პრეეკლამფსიის და გადაუდებელი საკეისრო კვეთის რისკი მაღალია; ასევე 2-ჯერ მაღალია მკვდაშობადობის რისკი, თუმცა მკვდარშობადობის შემთხვევების რაოდენობა ჯერაც დაბალი რჩება.
ორსულებში ვაქცინაცია სასურველია იმიტომ, რომ ის
- ამცირებს ორსულებში მძიმე დაავადებების განვითარების რისკს;
- ამცირებს მკვდარშობადობის და ნაადრევი მშობიარობის რისკს;
- ამცირებს ინფექციის გადაცემას ოჯახის წევრებზე.
- იმოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინაცია ჩემს სამუშაო პირობებზე?
არცერთი ვაქცინა არ იცავს ინფიცირებისგან 100%-ით, ამიტომ ვაქცინაცია არ ცვლის თქვენი სამუშაო პირობების რისკის შეფასებას. არ უნდა იმუშაოთ მაღალი რისკის მქონე გარემოში თუ გაქვთ თანხმლები დაავადებები, ან თუ ორსულობის გესტაციური ვადა 28 კვირა და მეტია. მიჰყევით რეკომენდაციებს სამუშაო ადგილზე და სახლში.
- დაიცავით ფიზიკური დისტანცია;
- ატარეთ პირბადე;
- ხშირად დაიბანეთ ხელები.
- შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ძუძუთი კვების დროს?
მეძუძური ქალებისთვის რეკომენდირებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაში არსებული კომპონენტები არ გადაეცემა თქვენს შვილს ძუძუთი კვების დროს, ამიტომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში არ შეწყვიტოთ ახალშობილის ძუძუთი კვება.
- შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა, თუ ვგეგმავ ორსულობას?
ქალებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, რეკომენდირებულია აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ გართულებებს.
- რა ვადაზე შემიძლია გავიკეთო აცრა ორსულობის დროს?
ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ აუცილებელია დაელოდოთ ორსულობის მეორე ტრიმესტრს.
COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა იძლევა კარგ დაცვას, მაგრამ ორი დოზით აცრა უფრო კარგად დაგიცავთ დელტა შტამისგან.
- რომელი ვაქცინით ავიცრა თუ ორსულად ვარ?
საქართველოში ორსულთა ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-BioNTech-ით. საქართველოში აცრის გაკეთება შესაძლებელია 300-ზე მეტ ვაქცინაციის პუნქტში. აცრის გასაკეთებლად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge
- რა გვერდითი ეფექტები აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას?
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს აქვთ მსუბუქი და მცირე ხნიანი გვერდითი ეფექტები როგორიცაა, ცხელება ან კუნთების ტკივილი, რომელიც ერთი ან ორი დღე შეიძლება გაგრძელდეს.
სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიც არის ალერგიული რეაქცია ან სისხლის შედედების პრობლემები, გვხვდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში. სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა, როგორიცაა მაგალითად თრომბოზი, წარმოადგენს იშვიათ გვერდით ეფექტს.
- რატომ არის სასარგებლო ვაქცინაცია ორსულობის დროს?
ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა ორსულებსა და ახალშობილებში COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული რისკების, მათ შორის, ინტენსიური მოვლის საჭიროებისა ან ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად.
ვაქცინაცია გვიცავს და უზრუნველყოფს:
- ორსულებში დაავადების მძიმე გართულებების შემცირებას;
- მკვდარშობადობისა და ნაადრევი მშობიარობის შემცირებას;
- რისკის ჯგუფს მიკუთვნებული ოჯახის წევრებისათვის ვირუსის გადაცემის პოტენციურ შემცირებას.
ორსულებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებული და აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ კორონა ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკი ან ხართ COVID-19-ის მძიმე ფორმების მომატებული რისკის ქვეშ.
თქვენ გაქვთ კორონა ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკი თუ:
- თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი არის ჯანდაცვის ან სოციალური მუშაკი ან მუშაობს მზრუნველობას მოკლებულთა სახლში;
- თქვენს თემში მაღალია ან იზრდება კორონა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი;
- გაქვთ ხშირი კონტაქტი სახლის გარეთ სხვა ადამიანებთან.
- არ შეგიძლიათ დაიცვათ ფიზიკური დისტანცია ორსულობის ბოლომდე;
- ცხოვრობთ მრავალწევრიან ოჯახში;
- გყავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ხშირად თამაშობენ ეზოში სხვა ბავშვებთან
თქვენ ხართ COVID-19-ის მძიმე ფორმების მომატებული რისკის ქვეშ თუ:
- გაქვთ ქრონიკული დაავადება, როგორიც არის: დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის დაავადებები, ასთმა და ა.შ
- თუ გაქვთ სხეულის ჭარბი წონა (თქვენი სხეულის მასის ინდექსი არის 25 ან მეტი)
- ხართ 35 წელს გადაცილებული
- ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში (28 კვირაზე მეტი)
⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხე
როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა პანდემიის პირობებში
როგორ დავიცვათ ახალშობილი პანდემიის დროს
რა უნდა იცოდნენ ორსულებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე